მოსკოვის საჰაერო თავდაცვის მეთაური ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსული მედიის ცნობით, გენერალ-მაიორი კონსტანტინ ოგიენკო, რომელიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვას მეთაურობდა, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. საქმე განსაკუთრებულად მსხვილი ოდენობის ქრთამის აღების მუხლით არის აღძრული.

მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

რუსი სამხედრო მიმდინარე წლის ივლისში თანამდებობიდან გადააყენეს და აგვისტოს დასაწყისში დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი, როცა ოგიენკო პატიმრობის ვადა 27 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.


რუსული მედიის ინფორმაციით, ოგიენკომ კიდევ ერთ გენერალ-მაიორ დმიტრი ბელიაცკისთან ერთად, 500 000 რუბლის ($5078) ოდენობის ქრთამი კომპანია Надежда-სგან მიიღო.

ჯამში ისინი 30 მილიონი რუბლის ($305 000) მიღებას გეგმავდნენ. სანაცვლოდ გენერლები თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული მიწების გადაცემას აპირებდნენ. ოგიენკო ბრალს არ აღიარებს, ბელიაცკიმ კი, ნაწილობრივ აღიარა ბრალი და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.