ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რომ საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო. 

საბოლოო ჯამში, ეს ასევე საჭიროა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად.

„ბევრი ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას. მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ყველა მოქმედი პირი ერთად უნდა მუშაობდეს, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს,” - განაცხადა ბორელმა.


მისივე თქმით, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს.

„ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ განვიხილავთ აქამდე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაზეც თავიდან ვისაუბრე. საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს,” - განაცხადა ბორელმა.


ჯოზეფ ბორელის თქმით, ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში განიხილავს პუტინის აგრესიული ომის შედეგებს უკრაინაში.

„ასევე, გეოპოლიტიკური კუთხით, ჩემს თანამოსაუბრეებთან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის უარყოფით შედეგებს განვიხილავ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროპის ნათელ მხარდაჭერას გავიმეორებ”, - აღნიშნა ბორელმა.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზეც.

„საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე ჩვენს ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულია დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო,” - განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს, 7 სექტემბერს ეწვია. ის შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.