რუსეთი პროვოკაციას უწოდებს სომხეთში პრორუსი ჟურნალისტის და ბლოგერის დაკავებას და გაურკვეველ ძალებს ადანაშაულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესების მცდელობაში.
რადიო თავისუფლების ცნობით, 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთში დააკავეს რუსეთის პოპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ სომხური სამსახურის ჟურნალისტი აშოტ გევორქიანი და პრორუსი ბლოგერი მიქაელ(მიკა) ბადალიანი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ ბრალად ედება იარაღის უკანონო ბრუნვაში მონაწილეობა. სულ დაკავებულია 7 პირი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს, 8 სექტემბერს, ერევანში მიმდინარე რუსულ-სომხური მედიაფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ გევორქიანის და ბადალიანის დაკავება არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია მოსკოვისა და ერევნის კავშირების გაუარესებისკენ. ზახაროვას თქმით, ამის უკან დგანან ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული რუსეთის და სომხეთის და მათი ხალხების დაახლოებით და მიზნად ისახავენ გაუცხოებას და სიძულვილის, შიშის და უნდობლობის დათესვას. რა ძალებია ეს, ზახაროვას არ უთქვამს.