საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მან აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მთავრობა მზად არის, გააგრძელოს სამუშაო პროცესი ევროკავშირთან.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს.
„მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი პროცესი.
მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტიც, ოპოზიციაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული - მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ამავე პრესკონფერენციაე აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს.
„ახლა მთავარი მინდა ვთქვა ბატონო ჯოზეფ, ზოგადად, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სასპეკულაციო საგანი სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი უკვე შესრულებული აქვს.
„ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი. ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევთ კოორდინაციას აი ამ პროცესს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.