ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიესალმება იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში.
ამავდროულად, აღნიშნა, წუხს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას.
საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა.
„სანქციებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია. აი, ამ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს. მათი ლობისტების, მათი ინტერესჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე, ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. აი, ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, ეს მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ დავაახლოოთ ევროკავშირს“, - აღნიშნა თვის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ფენების აღდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ დაფრინავს“. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც „აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობს“.
„რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენას, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ განვმარტეთ, რომ საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს. ასე რომ, აქაც ჩვენ ვიცავთ ჩვენ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო სამი წელი იზრდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში, ბოლო ორი წელი გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია არის დარეგულირებული - 0,9-ზე არის ინფლაცია.უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და მოვალეობა, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის, რომ ქვეყანა დავიცვათ და გავაძლიეროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა: „ჩვენ არაღიარების პოლიტიკა განსაზღვრული გვაქვს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, ამას სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს და რისკებს ვზომავთ. დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს.“