უკრაინულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს სოფელ კლიშჩიივკას ნახევარზე მეტზე, რომელიც ბახმუტის სამხრეთით მდებარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მე-3 თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.
„ჩვენ შევქმენით ისეთი პირობები ამ მიმართულებით, რომ რუსული ძალები ვერ ახერხებენ თავიანთი ტექნიკის სათანადოდ გამოყენებას,“ - ამბობს სამხედრო.
ოფიცრის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ამ სექტორში თითქმის ყველა რუსული ტექნიკა გაანადგურეს, მათ შორის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. თუმცა ჟორინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდასხმები რჩება სერიოზულ პრობლემად უკრაინის ჯარებისთვის, მათ შორის თვითმფრინავები და მართვადი საჰაერო ბომბები. ელექტრონული ომის სისტემები ასევე ქმნის გამოწვევებს უკრაინის დამცველებისთვის. ბახმუტის მიმდებარე ტერიტორია უკრაინის კონტრშეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინას კლიშჩიივკის მახლობლად წინსვლა აქვს.