უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის ე.წ. საარჩევნო შტაბს დაარტყა - მედია

უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის ე.წ. საარჩევნო შტაბს დაარტყა.

ინფორმაციას გამოცემა Unian-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

„ორმა „კამიკაძე-უპილოტო აპარატმა“ ვასილიევსკის რაიონში მდებარე საარჩევნო შტაბს დაარტყა, სადაც საარჩევნო ბიულეტენები და დოკუმენტები ინახებოდა. დარტყმის შედეგად, შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა, მათ ახლომდებარე ქუჩები ალყაში მოაქციეს და ადგილობრივი მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს,“ ნათქვამია ინფორმაციაში.


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, „არჩევნები“ აღნიშნულ საარჩევნო შტაბში ვადამდე ადრე დასრულდა.

„ეს ოკუპანტებისა და კოლაბორანტებისთვის მორიგი გაფრთხილებაა, უკრაინული მიწა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მათ ფეხქვეშ დაიწვება,“ - განაცხადეს სამსახურში.


ერთი დღით ადრე, აფეთქებები მოხდა დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს რეგიონში, ერთ-ერთ „საარჩევნო უბანზე“, სადაც რუსი დამპყრობლები ე.წ. არჩევნებს ატარებენ.