„დიდი ოცეულის“ ჯგუფმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა, კიევი ტექსტის შინაარსით უკმაყოფილოა

„დიდი ოცეულის“ ჯგუფმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა, თუმცა ტექსტში არ შესულა რუსეთის ქმედებების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია.

„დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ ადამიანების უზარმაზარ ტანჯვასა და მთელს მსოფლიოში ომებისა და კონფლიქტების ნეგატიურ ზეგავლენას," - ნათქვამია კომუნიკეში.


დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაეროს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მოწოდება კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება - არც რუსეთი და არც სხვა ქვეყნები მოიხსენიება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ჯგუფის წევრებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ: დასავლეთი რუსეთის უფრო მკაცრად დაგმობას ითხოვს, გლობალური სამხრეთის ქვეყნები კი, ეკონომიკურ საკითხებზე ფოკუსირებას ირჩევს.


G20-ის დეკლარაციის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მადლიერია თავისი პარტნიორების, რომლებიც „ცდილობდნენ ტექსტში მკაცრი ფორმულირებების შეტანას“, 20-ის ჯგუფს „საამაყო არაფერი აქვს“ რუსეთის აგრესიაზე პოზიციასთან დაკავშირებით.

„აშკარაა, რომ უკრაინული მხარის მონაწილეობა საშუალებას მისცემდა მონაწილეებს, უკეთ გარკვეულიყვნენ სიტუაციაში. პრინციპი „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე" რჩება ისეთივე საკვანძო, როგორც არასდროს," - წერს ნიკოლენკო.


ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა.

„რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაციას შეთანხმებულად ვაცხადებ," - განაცხადა მოდიმ.