რუსეთმა უკრაინას 32 დრონით შეუტია, ჩამოგდებულია 25 - გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 Shahed-ის ტიპის დრონიდან 25 გაანადგურა.

ამასთან, სააგენტო Unian წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ჩამოცვივდა.


მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა, ავტომობილები, ტროლეიბუსების ელექტროგადამცემი ხაზები, გზის საფარი. დრონების ნამსხვრევების დიდი ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩაცვივდა.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა რუსი დამპყრობლების პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ადგილებს რვა დარტყმა მიაყენეს.


გენშტაბის ცნობით, სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ხუთი საარტილერიო და ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს.

ამასთან, დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა ორი სარაკეტო დარტყმა, 29 საჰაერო იერიში და 14 თავდასხმა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან უკრაინული ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.