თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ხვალ, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ერდოღანი ამბობს, რომ ყარაბაღში არსებული ვითარების განხილვას გეგმავს.
„ორშაბათს, დიდი ალბათობით, მექნება საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მას ვეტყვი, რომ ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის მიუღებელია, რაც უკვე არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უკვე ესაუბრა.
ევროკავშირი მთიან ყარაბაღში გუშინ ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს.
"2023 წლის 9 სექტემბერს ხანკენდში/სტეფანაკერტში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი იმეორებს, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში.
მისი თქმით, ამასთან მნიშვნელოვანია ყარაბაღელი სომხები გაერთიანდნენ დე-ფაქტო ლიდერების გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, ბაქოსთან შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიებში ჩაერთონ.
ცნობისათვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, 9 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა და "პრეზიდენტად" სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს.