პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა და მიზანია მეტი ტურისტის, მეტი ინვესტიციის მოზიდვა.
„ჩვენთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოში არის მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა.
ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, ასევე მეტი ტურისტის მოზიდვა, საქართველოში ჩამოყვანა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება.
მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.
მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი," - აღნიშნა პრემიერმა.