დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ 24 აგვისტოს, რუსულმა არმიამ შავ ზღვაში სამოქალაქო სატვირთო გემს რაკეტებით შეუტია, დარტყმა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოიგერია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შავ ზღვაში სამოქალაქო გემზე თავდასხმის შესახებ კომენტარი ოფიციალურმა პირმა გააკეთა.
„დაზვერვის მონაცემების წყალობით, ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს," - განაცხადა სუნაკმა.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მხოლოდ ბოლო ერთ თვეში გაანადგურა დაახლოებით 270 000 ტონა მარცვლეული უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის საწყობებზე თავდასხმებით.
„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს სადაზვერვო და სათვალთვალო სისტემებს შავ ზღვაში რუსეთის აქტივობის მონიტორინგისთვის, რათა გამოვიძახოთ, თუ დავინახავთ, რომ ისინი ამზადებენ ახალ თავდასხმებს სამოქალაქო გემებზე ან ინფრასტრუქტურაზე და ამოვიცნოთ დამნაშავე, თუ ეს თავდასხმები მოხდება,“ - განაცხადა სუნაკმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში ნათქვამია, რომ მაშინ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით ჩამოაგდო შემტევი რაკეტები, მათ შორის ორი კალიბრის ტიპის რაკეტა, რომელიც შავ ზღვაში იყო გაშვებული.
„დაზვერვა მიუთითებს, რომ სამიზნე იყო ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი. ეს თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა გააფრთხილა, რომ რუს სამხედროებს შესაძლოა, დაეწყოთ შეტევა სამოქალაქო გემებზე. უკრაინის საჰაერო თავდაცვის წყალობით, სამოქალაქო გემზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, არცერთმა კალიბრის რაკეტამ მიზანს არ მიაღწია,“ – ნათქვამია განცხადებაში.