რუსული ავიაკომპანიის, „ურალის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი Airbus -A320, რომელიც სოჭი-ომსკის რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა, ნოვოსიბირსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან, მინდორში ავარიულად დაშვებულიყო. ინფორმაციას სხვადასხვა რუსული მედიასაშუალება ავრელებს.
ამასთან, სამთავრობო სააგენტო „ტასი“ დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავში 159 მგზავრი, მათ შორის 23 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.
ამასთან, სააგენტოს ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ განუცხადა, რომ პრობლემა თვითმფრინავის ჰიდროსისტემას შეექმნა. გუბერნატორის თქმით, არავინ დაშავებულა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ინციდენტის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და ევროკავშირის სანქციების ამოქმედების ფონზე, „ურალის ავიახაზებს“, ევროკავშირმა მის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაკომპანიების მიმოსვლის გარდა, რუსული ავიაგადამზიდავებისთვის თვითმფრინავების და მათთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება, მომსახურება, დაზღვევა და ლიზინგი აკრძალა.
2019 წლის აგვისტოში თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-სიმფეროპოლის რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა, ავარიულად დაშვებულიყო მოსკოვის მახლობლად, სიმინდის ყანაში. მაშინ ავიაკომპანიამ მიზეზად თვითმფრინავთან ფრინველების შეტაკება დაასახელა.