ტაივანი ჩინეთის შესაძლო შეჭრის მოგერიებისთვის უკრაინულ მოდელს გაითვალისწინებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტაივანმა თავდაცვის პირველი დოკუმენტი გამოაქვეყნა.
საინფორმაციო სააგენტო Focus Taiwan-ი შესაბამის ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, უკრაინის მაგალითზე სწავლებით, ტაივანი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას სამობილიზაციო რეზერვების რეფორმირებისა და წინააღმდეგობის გაწევაში მოსახლეობის ჩართულობის გზით გეგმავს.
„ტაივანის შეიარაღებული ძალები ევროპაში ომის გამოცდილებაზე ისწავლიან, კერძოდ, სწავლება ომის ასიმეტრიული წარმოებისთვის პოტენციალის გაზრდასა და აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მთელი საზოგადოების ჩართულობაზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას შეეხება,“ - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტი მიუთითებს, რომ ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, ჰიბრიდული ომისთვის ემზადება და ამაში არა მარტო ტრადიციულ სამხედრო ძალას გამოიყენებს, არამედ კიბერნეტიკულ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ და სხვა ომებს მიმართავს.