დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს თურქეთს ორდღიანი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმს კლევერლი ეწვევა.

„13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი, ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.


თურქული მედიის თანახმად, საუბარი ასევე უკრაინაში ომს და შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებას“ შეეხება.

დღეს ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

„მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის ინიციატივის და NATO-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“, - წერს თურქული NTV.