დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-სთან კოორდინაციით, ირანის კულტურის მინისტრს და თეირანის მერს სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის სანქციები ფოკუსირებულია გადაწყვეტილების იმ მიმღებებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიჯაბთან დაკავშირებული კანონის აღსრულებაზე.
„ირანის მორალის პოლიციის ხელში მაჰსა ამინის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მივესალმები ირანელი ქალების გამბედაობას, როდესაც ისინი აგრძელებენ ბრძოლას ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს ქლევერლიმ.
„დღევანდელი სანქციები მიმართულია მათზე, ვინც პასუხისმგებელია ირანის მჩაგვრელ კანონებზე, აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ ირანელი ქალების გვერდით დგომას,“ - აღნიშნა კლევერლიმ.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 350-ზე მეტ ირანელ თანამდებობის პირს და სუბიექტს დაუწესა, მათ შორის გენერალურ პროკურორს.