პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების შესვლას კრძალავს.

აკრძალვა კვირიდან, 17 სექტემბრიდან შედის ძალაში და ნებისმიერ ავტომობილს შეეხება, რომელიც რუსეთში არის დარეგისტრირებული.


„რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ 8 სექტემბერს ევროკომისიის დირექტივების გამოქვეყნების შემდეგ, მინდა გაცნობოთ, რომ პოლონურ საზღვარზე ეს აკრძალვა ძალში ხვალიდან შევა. ის ძალაში დღეს შუაღამეს შედის,” - განაცხადა კამინსკიმ.


მინისტრის განმარტებით, აკრძალვა პოლონეთში რუსული რეგისტრაციების მქონე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება. „რუსულ სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდებოდა ეს აკრძალვა. ახლა ამ საქმეს ვხურავთ. არც ერთი რუსული მაქანა არ შედის პოლონეთში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ყველა ავტომობილს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე კერძოებსაც - მიუხედავად იმისა, ავტომობილს მართავს ან ფლობს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე,” - აღნიშნა კამინსკიმ.

შეგახსენებთ, ანალოგიური გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ფინეთმაც მიიღეს.