ერდოღანი: საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია, ევროკავშირს დავშორდეთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას შეუძლია, ევროკავშირის გზას დაშორდეს, თუ ეს საჭირო იქნება. ერდოღანი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, გამოიკვლიოს „პარალელური და რეალისტური ჩარჩო“ ანკარასთან კავშირებისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


„ევროკავშირი თურქეთისგან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, ევროკავშირს დავშორდეთ,“ - განუცხადა მედიას ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრების წინ.

„თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა ბოლო წლებში მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხშია შესული, რადგან ევროკავშირს ამ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამართლის უზენაესობის პატივისცემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება აშფოთებს,“ - წერს Reuters-ი.