კირილ ბუდანოვი: რუსეთსა და ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია, შეიძლება, ზამთრამდე დასრულდეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია ზამთრის დადგომამდე შეიძლება, დასრულდეს.

ბუდანოვის თქმით, რუსეთი ახლა ახორციელებს არასაკმარისი რეზერვების განთავსებას, რომელთა განლაგებასაც ოქტომბრის ბოლომდე არ აპირებდა.

„იმის საპირისპიროდ, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს, მას აბსოლუტურად არ აქვს სტრატეგიული რეზერვი. რუსეთის 25-ე კომბინირებული შეიარაღების არმიას, რომელიც ნაადრევადაა განლაგებული აღმოსავლეთ ფრონტზე ლიმანისა და კუპიანსკის გარშემო, აქვს იმ ცოცხალი ძალის მხოლოდ 80% და აღჭურვილობის 55%, რომელიც უნდა ჰქონოდა," - განაცხადა ბუდანოვმა.


უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონტრშეტევაში კარგად მომზადებული მტრის წინააღმდეგ წინსვლის ნელი ტემპი უბრალოდ რეალობის ანარეკლია.

„ფანქარი ძლიერია თუ სუსტი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებ მას. კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს დრო. ტალახის სეზონის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი და ეს ფაქტია,“ - განაცხადა ბუდანოვმა.