ბუდანოვმა რუსეთში დრონების გაშვების სამი მიზანი დაასახელა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების გაშვების სამ ძირითად მიზანზე. მან მიუთითა აგრესორი ქვეყნის „კომფორტის ზონიდან" გამოყვანის აუცილებლობაზე.


ბუდანოვის  მიერ ჩამოთვლილ მიზნებში შედის: რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მარაგის ამოწურვა, სამხედრო ტრანსპორტის და ბომბდამშენების შესაძლებლობების შესუსტება და სამხედრო წარმოების ობიექტებისთვის ზიანის მიყენება. ამ უკანასკნელი მიზნის მაგალითად მან ტვერის ოლქში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე ბოლო დარტყმა მოიყვანა.


გარდა ამისა, ბუდანოვის თქმით, დრონების გაშვების მიზანი ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც არის - მაგალითად, როგორც საშუალება რუსეთის მოსახლეობაში შფოთვის დათესვისა და ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პროცესების კონტექსტში  არსებული სტატუს კვოს დანგრევა. ბუდანოვი ხაზს უსვამს, რომ მაგალითად, სანქტ-პეტერბურგისა მოსკოვის აეროპორტი თითქმის ყოველდღე იხურება. დაზვერვის უფროსს მიაჩნია, რომ „დრონები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობენ უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციებს.“