ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩათრევას ცდილობენ. ფაშინიანის თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ.

ფაშინიანმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს. „პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად.


აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის, სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.