ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ფაშინიანმა და ბლინკენმა განიხილეს „აზერბაიჯანის თავდასხმის“ შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება“. ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ამასთან, ბაქო იტყობინება, რომ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს.  


აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი იყენებს ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. „და, ყველა საშუალებით, თავიდან ირიდებს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანს. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და საერთაშორისო ვალდებულებებით. დაშლა და განიარაღება!“ – დაწერა ჰიქმეთ ჰაჯიევმა Twitter-ზე.


მიმდინარე პროცესებს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო აქტორებისგან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს.

„ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება,“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.


თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ყარაბაღის სხვა ადგილებში. ბორელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის დიალოგის დაბრუნება.

„ეს სამხედრო ესკალაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საბაბად. ძალადობა უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მშვიდობისა და ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ყველა მხარის ჭეშმარიტი ვალდებულებაა საჭირო მოლაპარაკების შედეგების მისაღწევად. ევროკავშირი რჩება სრულად ჩართული დიალოგის ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.


გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საჭიროა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის დაწყება.

„აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ჭეშმარიტი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის,“ - აცხადებს მიშელი.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოუწოდა ბაქოს, შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.


შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.