საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა განმარტავს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისი დაუშვეს სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხსენებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.
„ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.
შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.