უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ბაზის განადგურების შესახებ იუწყება

დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინულმა ჯარმა სარაკეტო დარტყმისას რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა.

ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

„დღევანდელი სარაკეტო დარტყმა სევასტოპოლის მახლობლად, სოფელ ვერხნესადოვოესთან მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული აღმოჩნდა - ყველა რაკეტამ მიზანს მიაღწია. ეს იყო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ძალების და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.


მათივე ცნობით, განადგურებული სამხედრო ბაზა რუსი გენერლების სათადარიგო სამეთაურო პუნქტს წარმოადგენდა და სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დადასტურდა, რომ პუნქტში ფლოტის მეთაურები იმყოფებიან.

„განადგურებულია არა მარტო ცოცხალი ძალა, არამედ ძვირადღირებული სამხედრო სისტემები, რომლებიც ამ ბაზაზე იყო განთავსებული. აფეთქებების სეზონი ყირიმში გაგრძელდება," - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.