შოლცი მოუწოდებს პუტინს, დაასრულოს ომი უკრაინაში

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაიყვანოს ჯარები ქვეყნიდან.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ომზე პასუხისმგებელი რუსეთია. და ეს არის რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ეს ერთი ბრძანებით“, - განაცხადა შოლცმა სამშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.


გერმანიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ჭეშმარიტი სამშვიდობო მოგვარების აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.

„21-ე საუკუნის მრავალპოლარულ სამყაროში ადგილი არ არის რევიზიონიზმისა და იმპერიალიზმისთვის. ვინც ფიქრობს, რომ პატარა ქვეყნები უფრო დიდი სახელმწიფოს უკანა ეზო არიან, ცდება,“ აღნიშნა შოლცმა.