უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღეს რუსების მიერ გაშვებული 43 ფრთოსანი რაკეტიდან 36 ჩამოაგდეს.
მისი თქმით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციის “ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან გაუშვეს.
„რუსი ოკუპანტები უკრაინას საჰაერო ბაზირების Kh-101/Kh-555/Kh-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს. საერთო ჯამში, ავიაციის „ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან 43 ფრთოსანი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა ენგელსის დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
მისი ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები რამდენიმე ტალღად გაუშვეს და ისინი უკრაინის საჰაერო სივრცეში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ.
„საჰაერო თავდაცვის ძალების ძალებისა და საშუალებების საბრძოლო მუშაობის შედეგად 36 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებს ზალუჟნი.
გარდა ამისა, რუსებმა დილით ხარკოვს S-300 ტიპის ფრთოსანი მართვადი რაკეტებით დაარტყეს.