პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია

ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, ზურაბიშვილს უფლება არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.