მედიის ცნობით, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროებზე თავდასხმის დროს, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა.
რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ მურმანსკის გამოცემები "ბი-პორტი"და " სევერპოსტი" იტყობინებიან.
წყალქვეშა ნავების პეტერბურგის კლუბში განაცხადეს, რომ 52 წლის კოვგანი ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის შეთანხმებით რეგიონში განლაგებული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის მოადგილე იყო. გაჯიევოში ბაზირებულ წყალქვეშა ფლოტში ის იყო მეთაურის მოადგილე, პოლიტიკურ ნაწილში. ფლოტში პირველი რანგის კაპიტნის წოდება პოლკოვნიკის წოდებას შეესაბამება.
20 სექტემბერს, საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც რუსი სამხედროები იყვნენ. ისინი დაიღუპნენ. მანქანაში მყოფთა რაოდენობა და ვინაობა დასახელებული არ არის.
რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“.
ალიევმა ასევე პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებენ საფუძვლიანად და „ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“. გარდა ამისა, ალიევმა გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსურად დაეხმაროს დაღუპულთა ოჯახებს.
კრემლის პრესსამსახური არ ამბობს, რა უპასუხა პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას.