"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ დაუჭირეს მხარი ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, რაც, "უღირსი“ საქციელია.
"გუშინ ჭიქაში ქარიშხალი არაფრიდან შექმნეს, საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ? ერთი, რომ ეს სანქციები 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ასეთი გამოთქმა არის, ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვას, ეროვნული ბანკის ძველი გადაწყვეტილება კონსტიტუციის რომელ მუხლს ეწინააღმდეგებოდა და ხომ არ არის ახალი ბრძანება დისკრიმინაციული, კობახიძე პასუხობს:
„ჩვენი კონსტიტუციით ორი ძირითადი უფლებაა დაცული - ეს არის, საკუთრების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის ორივესთან წინააღმდეგობაში იყო, განსაკუთრებით უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, მაგრამ ასევე საკუთრების უფლებასთან იყო პირდაპირ წინააღმდეგობაში. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ეს არ არის რელევანტური, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, შეზღუდოს სავაჭრო-სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან და უცხოურ კომპანიებთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება ვერც საქართველოს მოქალაქეებზე და ვერც ქართულ კომპანიებზე. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად, ყველაფერი წელში გამართულია“, - განაცხადა კობახიძემ.