უკრაინის არმია აცხადებს, რომ საცეცხლე კონტროლი დაამყარა ბახმუტი-გორლოვკის გზატკეცილზე

უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევით მოქმედებებს ბახმუტის მიმართულებით განაგრძობენ. უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაამყარეს საცეცხლე კონტროლი ბახმუტი-გორლოვკის გზატკეცილზე, რამაც "მნიშვნელოვნად გაართულა რუსული ჯარების ლოგისტიკა", - განაცხადა ილია ევლაშმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესსამსახურის უფროსმა.

უკრაინის არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები თავს იცავენ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით.

"არსებობს დინამიკური ბრძოლა როგორც აქ, ასევე - იქ. მაგრამ ოპერაციების ტიპები განსხვავებულია: თუ ჩვენ თავს ვიცავთ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით, ვცდილობთ შევაჩეროთ მტრის შეჭრა, სამაგიეროდ, პროგრესს მივაღწიეთ ბახმუტის მიმართულებით და ვაგრძელებთ მოწინააღმდეგის განდევნას პოზიციებიდან", - განაცხადა ევლაშმა.

მისი თქმით, მტერი ახლა ინტენსიურად ცდილობს პოზიციების დაბრუნებას გათავისუფლებულ ანდრეევკასა და კლიშჩიივკაში, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ბახმუტის შესანარჩუნებლად, რასაც მოწინააღმდეგე დიდი დანაკარგებით ჯერჯერობით ახერხებს.

21 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებდა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის რეგიონის ბახმუტის სამხრეთით, სადაც "ისინი ზიანს აყენებენ მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მხრივ და იმაგრებენ პოზიციებს დაკავებულ ზღუდეებზე."