ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტეზე: ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

"დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს. შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ რამდენიმე სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ახალი აგრესია უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მიღწეულია ახალი შეთანხმებები, რომლებიც გაზრდის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის. "ეს არის ძალიან ძლიერი პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.

ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს ამერიკული ტანკების M1 Abrams-ის პირველ პარტიას.