ჯო ბაიდენი: უკრაინას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები მომავალ კვირას გადაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა. 

მან 21 სექტემბერს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. „დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა.


შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.