საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ნაციონალიზმი ევროპაში იზრდება, მაგრამ ეს უფრო მიგრაციას ეხება, ვიდრე ევროსკეპტიციზმს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, მიგრანტების მიღების დიდი ისტორია აქვთ. „პარადოქსი ისაა, რომ ევროპას სჭირდება მიგრანტები, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი დემოგრაფიული ზრდა.
ბორელის შეფასებთ, უკრაინის ომი არ აძლიერებს მიგრაციასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ დაპირისპირებას. „საკითხი ის არის, რომ მიგრაციული ზეწოლა გაიზარდა, ძირითადად ომების გამო – არა უკრაინის წინააღმდეგ ომი… ეს არის სირიის ომი, ლიბიის ომი, სამხედრო გადატრიალება საჰელში.“
„ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე და ეს მოხდა უკრაინის ომამდე და გაგრძელდება უკრაინის ომის შემდეგაც. აფრიკაში მიგრაცია უკრაინის წინააღმდეგ ომით არ არის გამოწვეული. აფრიკაში მიგრაციის ძირითადი მიზეზებია განვითარების, ეკონომიკური ზრდის ნაკლებობა და ცუდი მმართველობა,“ - აღნიშნავს ბორელი.
კითხვას, სჯერა თუ არა რუსეთი ეცდება მიგრაციის ცეცხლის გაღვივებას, ბორელმა უპასუხა: „პუტინი ყველაფერს ეცდება. პუტინს სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტი, მყიფეა და ისინი იღლებიან.“
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მხედველობაში, რომ ვაჭრობითა და კანონის უზენაესობის ქადაგებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოში. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიქადაგოთ კანონის უზენაესობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც სხვაგვარად უნდა მოვეპყროთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.