შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს.


წერილშია აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა.

„2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო.


ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს:


- საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;

- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს;

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე;

- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე;

- საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;

- საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას.

ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,“ - წერია წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.