უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლზე თავდასხმას რუსეთის ფლოტის მეთაურები ემსხვერპლნენ

უკრაინის არმიის განცხადებით, 22 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე რაკეტებით თავდასხმის სამიზნე "რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელების შეხვედრა" იყო. უკრაინულ მხარის ცნობით, იერიშს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

დაღუპულთა შორის, ფლოტის მაღალჩინოსნები არიან.

ამერიკის ხმასთან (VOA) ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ თავდასხმას, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი რაკეტა მოხვდა შავი ზღვის ფლოტის შტაბბინას, სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის გენერლები ემსხვერპლნენ.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 22 სექტემბერს აცხადებდა, რომ შეტევაში გამოყენებული ხუთი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. სამინისტროს განცხადებით, დაკარგულია ერთი რუსი სამხედრო, მანამდე სამინისტრო ერთი ჯარისკაცის დაღუპვას იუწყებოდა. მოსკოვს არ გაუვრცელებია ახალი ცნობა მსხვერპლის შესახებ და არც პასუხი გაუცია უკრაინის წარმომადგენლების განცხადებებისთვის, რომ დატყმის სამიზნე იყო რუსეთის ფლოტის მეთაურთა შეხვედრა.

რადიო თავისუფლების რესურსი Crimea.Realities 22 სექტემბერს იუწყებოდა, რომ სამი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა ქალაქში, სადაც განთავსებულია რუსეთის ფლოტის დიდი ნაწილი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, როგორც ჩანს, ასახავდა კვამლს სევასტოპოლის პორტის თავზე.