ნათია თურნავა: რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ, კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება.“

„ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკოსი გვაკრიტიკებდა მანამდეც, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მერეც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი ჩვენზე არ მოქმედებს. გვსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვხვდებით ასეთ კრიტიკას.


ისევე, როგორც შექება არ გვსიამოვნებს და არ გვჭირდება არავის დაცვა. ჩვენ ყველა კითხვაზე თავად გავცემთ პასუხს. აქედან გამომდინარე, ეს მეორე ფაქტიც არანაირად არ იყო გადამწყვეტი ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.


თუმცა საყურადღებო იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ეს საკითხი ცხელია და პოლიტიკურად არის აჟიტირებული თემა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება და ვიდრე სანქციების აღსრულების და ადგილობრივი კანონმდებლობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ დისკუსია გასცდებოდა ცალკეულ გამოსვლას თუ განცხადებას, ჩვენ მივხვდით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გვემოქმედა. ამით პრევენციაც გავაკეთეთ უფრო დიდი დისკუსიის გაჩენის და, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, რამდენად სწორად ვიქცევით აღსრულების მექანიზმების დონეზე,“ – განაცხადა თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.


გამოჩნდა თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ის, რომ ფარცხალაძის დასანქცირება არ იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტით პრეზიდენტმა მას, ფაქტობრივად, სხვადასხვა ტიპის ოპერაციის თავისუფლად განხორციელების საშუალება მისცა, ნათია თურნავამ ამ შეკითხვასაც უპასუხა.


„თქვენ ცდილობთ, მე პოლიტიკური შეფასება გამაკეთებინოთ, მაგრამ ამას შეგნებულად არ გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი და ეს არ არის ეროვნული ბანკის საქმე. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკოსის ქმედება და პოლიტიკური მანევრები, რომელზეც მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

ერთადერთი, უბრალოდ, ვიტყვი: თავად ფაქტმა, რომ ეს პირველი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის სანქცირებასთან დაკავშირებით შეეხო ფარცხალაძეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გააართულა ზოგადად მუშაობა და დაამძიმა ფონი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია? სანქცირებულთა სიაში აუცილებლად მოხვდებოდა მსგავსი პიროვნება, რომელიც ცნობადია პოლიტიკურად, რომლის ირგვლივაც აუცილებლად იქნებოდა მითქმა-მოთქმა და სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაცია. მე ვამბობ იმას, რომ თავად სანქციები თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ზომა და იქ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებით, მათ შორის პოლიტიკური მოტივაციით, გარკვეული ჟღერადი ბრალდებებით ან მოტივებით ხვდება ადამიანი. ეს უკვე თავიდანვე განაპირობებს იმას, რომ საკითხი იქნება აუცილებლად სენსიტიური. აბა, ნობელის პრემიის ლაურეატი ხომ არ მოხვდება სანქცირებულების სიაში?! იქნება აუცილებლად ვიღაც, ვის ირგვლივაც იქნება ასეთი მძიმე აჟიტირებული ფონი,“ – განაცხადა თურნავამ.


ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ამან არ უნდა შეაშინოს.

„ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა დაგვაბრკოლოს. დღეის გადასახედიდან, რაც ხდება და რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ და ა.შ. კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი; რომ ჩვენ არ დაველოდეთ საკითხების კიდევ უფრო სიღრმეში წასვლას, ამ დებატების უფრო განვითარებას; ჩვენ არ მოვერიდეთ სენსიტიურ თემას, ჟღერად სახელს და გვარს და მივიღეთ გადაწყვეტილება არა კონკრეტული სახელისა და გვარისთვის, რომელიც არ გვაინტერესებს, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც შეიძლება, როდესმე აღმოჩნდეს სანქცირებულების სიაში, რომ მის მიმართ სანქციების აღსრულების პროცესში ასევე გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის აღსრულება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.