სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, სადაც ერევანია წარმოდგენილი, არაეფექტიანია. ფაშინიანის თქმით, ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მოვლენამ სომხეთს დასკვნების გაკეთება აიძულა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის მიზნებსა და მოტივებზე მთიან ყარაბაღში. ფაშინიანმა მოვლენების ამგვარ შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს და რუსულ სამშვიდობო ძალებს დააკისრა. მისივე თქმით, სომხეთი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ თუ ამ ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო მთავრობა მიიღებს ყარაბაღიდან წამოსულ სომხებს.
„ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომში და 2021 წლის მაისსა და ნოემბერში განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე 2022 წლის სექტემბერში და სია გრძელდება," - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში ეთნიკური სომხები ეთიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან და თუ არ შეიქმნა რეალური საცხოვრებელი პირობები და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, იზრდება ალბათობა, რომ მოსახლეობა გადარჩენის ერთადერთ გზად სომხეთში დაბრუნებას განიხილავს.