სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობისთვის ერევნის ყოფილი მერი დააკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერს, ალბერტ ბაზეიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში სდებს ბრალს.
მის გარდა კიდევ 7 ადამიანს ადანაშაულებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბაზეიანმა და მასთან ერთად დაკავებულებმა განზრახვა სისრულეში უწყების ჩართვის გამო ვერ მოიყვანეს.
ბაზეიანის ადვოკატმა გევორგ მელიქიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე დააპატიმრა.
გევორგ მელიქიანმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ბაზეიანის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა.
დღეს დილით დაიწყო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები ერევანში.
აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი, ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს.
ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანია დაკავებული.
პროტესტის მონაწილეების თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.