ლუკაშენკომ ფიზიკურ პირებს დრონების გამოყენება აუკრძალა

ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქალაქეებს დრონების შეძენა, შენახვა, გაყიდვა, წარმოება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება აეკრძალათ.


განკარგულებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო დრონების ნებისმიერი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისთვის მათი „სამეწარმეო და პროფესიული საქმიანობისთვის.“ ამისათვის მათ ნებართვა ბელორუსის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტიდან უნდა მიიღონ.

დადგენილება ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების ავტომატური სახელმწიფო რეესტრის შექმნას.


ბელორუსის მცხოვრებლებს ექვსი თვე აქვთ იმისთვის, რომ თავიანთი უპილოტო თვითმფრინავები გაყიდონ ან შესანახად გადასცენ "მთავრობის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციას." რა სახის ორგანიზაციაა ეს, დოკუმენტში არ არის მითითებული.

ცნობისთვის, კერძო პირების მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე შეზღუდვები მოსკოვშიც დაწესდა.