წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა

ანტარქტიდის გარშემო ყინულის მასები ზამთარში რეკორდულად დაბალი იყო. 2023 წელს ანტარქტიდაში ზამთრის ზღვის ყინულის ფართობი 1986 წელს დაფიქსირებულ სარეკორდო მინიმუმზე ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლებია.

პალეოეკოლოგების კვლევების მიხედვით, ანტარქტიდაზე მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ნებისმიერ დროს 5,5 ათასი წლის განმავლობაში. 2023 წლის ზაფხული უახლეს ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო.


აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის (NSIDC) კვლევის თანახმად, წელს 10 სექტემბერს ზღვის ყინულმა 16,96 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, რაც ზამთრის ყველაზე დაბალი დონეა მას შემდეგ, რაც სატელიტური ყინულის მონიტორინგი 1979 წელს დაიწყო.

სექტემბერში ანტარქტიდის ზღვის ყინულის ფართობი საშუალოდ 18,71 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევს.

NSIDC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დასკვნები წინასწარია და სრული ანალიზი მომავალ თვეში გამოქვეყნდება.


მეცნიერები ყინულის გაქრობას უკავშირებენ ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა „ელ ნინიო“ - წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების ტემპერატურის მატება, რომლის შედეგებსკლიმატის ანთროპოგენური ცვლილება ამძიმებს. ყინულის ფართომასშტაბიან დნობას შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს გლობალური კლიმატისა და ზღვის დონისთვის.

ზღვის ყინულის შემცირების გამო, ოკეანის ტალღები ანტარქტიდის სანაპიროზე შემოდის და მის ყინულის შელფს ამცირებს. კონტინენტური ყინულის დნობა თავის მხრივ, ზღვის დონის აწევას, სანაპიროზე დატბორვის რისკსა და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლის მოსპობას იწვევს.