საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებას. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო, რა სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების კუთხით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უზრუნველყოფს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით.
„ევროკომისარი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას, განსაკუთრებით, იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციათა იმპლემენტაციის მიმართულებით და გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს მთავრობასთან,“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველო მუშაობს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის, სასამართლო სისტემის და კორუფციის მიმართულებით. მოვუწოდებ საქართველოს, დააჩქაროს მუშაობა მიმდინარე ღონისძიებებზე,“ - დაწერა თავის მხრივ, ვარჰეიმ Twitter-ზე.
ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით, საქართველომ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.
მან აღნიშნა, რომ ევროკომისრებთან შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა.
„ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობას. ეს არის რთული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზა,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა. „ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს კომისრების კიდევ უფრო მეტად მობილიზება ჩვენი მხარდაჭერის მიმართულებით,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ბრიუსელში მის ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც დადებითაც შეფასდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. დარჩიაშვილის თქმით, 25-26 სექტემბერს ბრიუსელში გამართული სამუშაო შეხვედრები სწორედ ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 25-26 სექტემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარომადგენლებსა და ევროკომისრებს შეხვდა. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისართან, ილვა იოჰანსონთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან. ბრიუსელში ვიზიტისას, ასევე შედგა ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან.
- რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე
- ხერტ იან კოპმანი: რეფორმების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის