უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 44 დრონიდან, 34 გაანადგურა

უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-136/131 ტიპის 44 დრონით შეუტიეს, დრონები ჯგუფურად, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას რაიონებიდან გაუშვეს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს.


„შეტევის მოგერიებაში ჩართულია გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები“, - აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.

28 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.