პოდოლიაკი: ყირიმი უკრაინის მხრიდან საცეცხლე კონტროლის ქვეშ ეტაპობრივად ექცევა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე პანიკური განწყობების გაძლიერებას აანონსებს. მისი თქმით, რუსები ახლა ყირიმში ცხოვრობენ თავდასხმების მოლოდინში, სირენების ქვეშ და ესმით, რომ ყირიმი მათთვის დიდი საფრთხის ტერიტორიაა და მათი საჰაერო სივრცე აღარ არის ასე ძლიერად კონტროლირებადი.


„ყირიმი უკრაინის მხრიდან ეტაპობრივად ექცევა საცეცხლე კონტროლის ქვეშ," - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, უკრაინის სტრატეგიულ ამოცანებს შორის არის რუსული საოკუპაციო ჯგუფისთვის საკვანძო მიწოდების ხაზის გაწყვეტა.

ის განმარტავს, რომ რუსებს არ აქვთ სარკინიგზო კავშირები, მაგალითად ქალაქებით, როგორიცაა მელიტოპოლი, ბერდიანსკი და ა.შ., როსტოვის რეგიონთან. და შესაბამისად, მიწოდების 80% ყირიმზე გადის. მისივე თქმით, ყირიმში არის რუსეთის სასაწყობო შესაძლებლობების უზარმაზარი ინფრასტრუქტურა: "დღეს ყირიმი არის რუსული საოკუპაციო ჯგუფების საბრძოლო ეფექტურობის საგრძნობლად შემცირების გასაღები."