დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მან ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი შორი დისტანციის რაკეტების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დახმარებამ უკრაინის ჯარის შესაძლებლობები მკვეთრად გაზარდა.
„მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდის წინ. ცალკე აღინიშნა შვიდი ჯგუფის მიერ ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება და მოლაპარაკებების დაწყება დიდ ბრიტანეთთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ," - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გრანტ შაპსმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2023 წლის სექტემბერში დაიკავა და ბენ უოლესი შეცვალა.