მეთიუ მილერი: მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

მილერის თქმით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები შეიარაღების გადაცემის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროსაც გაიმართა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო ურთიერთობები, რუსეთში ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთისგან ჩრდილოეთ კორეაში ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით, უფრო მეტად დაარღვევს გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება, რომლებსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი.

„ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ვაფრთხილებდით ამის შესახებ. ვთვლით, რომ მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება. ამიტომ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაიცვას თავისი საჯარო განცხადებები და თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან," - აღნიშნა მილერმა.