ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვა.
„მე ნაკლებად ვუსმენ ხოლმე ლავროვის განცხადებებს, რადგან ვფიქრობ, რომ ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ის არასდროს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებას და ძალიან კარგი იქნება, თუ მის განცხადებებს არ გავიმეორებთ ხოლმე,“ - უპასუხა დეკანოიძეს გიორგი კაკაურიძემ.
„თქვენ და ლავროვი ერთიდაიგივეს ლაპარაკობთ სულ. თქვენი და ლავროვის განცხადებები არის უნისონში,“ - მიმართა ასევე საპასუხოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დეკანოიძეს.
მან ოპოზიციონერ დეპუტატს გამოსვლა შეაწყვეტინა, რასაც ხმაური მოჰყვა.
კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დეკანოიძის შეფასებით, „ლავროვმა „ჩაუშვა“ საქართველოს ხელისუფლება, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ.“
საპასუხოდ, სარჯველაძემ დეკანოიძეს მიმართა, რომ ის, რასაც აკეთებს, „ხულიგნობაა და სასაცილოდ გამოიყურება“. მისივე შეფასებით, როდესაც ოპოზიციას არგუმენტები ელევა, „ლავროვი მათ „პადაჩას“ აწვდის.“
ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას წარადგენდა.