ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალუტო ფონდის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ქვეყანას ერთ-ერთი სამაგალითო საბანკო სისტემა აქვს შექმნილი.

„აქაც ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი, ეს თვითონ, ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რამდენიმე თვის წინ იყვნენ ჩამოსულები, თქვეს, რომ სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს მთავრობას აწყობილი, სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ როცა თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა მსოფლიოში, სააკაშვილის დედა მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, კითხვას, სებ-ის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პროგრამის ამოქმედება დროში კიდევ უფრო გაიწელოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" უპასუხა, რომ ამას არ ელოდებიან და მეტიც, დარწმუნებით აღნიშნა, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ შესაძლებელია, პროგრამა აღდგეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.