2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება.
„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტიც ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით, ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი.
აქვე, მინდა შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო.
ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც გადაეგზავნება პარლამენტს.
„ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების.
იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი,“ - განაცხადა პრემიერმა.
„ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული.
„ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას.
რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული,“ - განაცხადა პრემიერმა.