საფრანგეთის პროკურატურა მილიარდერ ბერნარ არნოს ტრანზაქციებს იძიებს, საქმეში ფიგურირებს რუსი ოლიგარქი

პარიზის პროკურატურის განცხადებით, ფრანგი მილიარდერი, ბერნარ არნო და რუსი ოლიგარქი, ნიკოლაი სარქისოვი ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების ქვეშ არიან. გამოძიება ეხება მათ საქმიანობას საფრანგეთის ალპებში, კურშაველში, სათხილამურო კურორტზე, რომელიც მდიდარი ადამიანებისთვის მიმზიდველ ადგილად ითვლება. ამის შესახებ France24 წერს.

ფრანგული გაზეთი Le Monde, Tracfin-ის ფინანსური დაზვერვის განყოფილებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 55 წლის რუსმა მილიარდერმა 2018 წელს 16 მილიონ ევროდ (დღევანდელი კურსით 17 მილიონი აშშ დოლარი) 14 საცხოვრებელი სახლი შეიძინა გარიგების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყვნენ კომპანიები საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში.

მიუხედავად იმისა, რომ მყიდველად ითვლება, შესყიდვის განმახორციელებელი კომპანიის მონაცემებში სარქისოვის სახელი არსად ფიგურირებს.


Forbes-ის მიხედვით, არნო, რომელიც LVMH-ს მართავს, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია ილონ მასკის შემდეგ. ის ეჭვმიტანილია სარქისოვისთვის 18,3 მილიონი ევროს სესხის გადაცემაში. გამომძიებლები თვლიან, რომ სარქისოვმა ოპერაციიდან ორი მილიონი ევრო გამოიმუშავა. Le Monde ციტირებს წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ოპერაცია „კანონის უმკაცრესი დაცვით ჩატარდა.“ გაზეთი ასევე ციტირებს სარქისოვთან დაახლოებულ ადამიანებს, რომლის მიხედვით, მოგება „მხოლოდ რამდენიმე ასეულ ათას ევროს" შეადგენდა და რომ რუსი ოლიგარქი პირადად არ იყო ჩართული ამ ოპერაციაში.