ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის.


ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“

„მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს," - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.


30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.


2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.